თამამშევის თეატრი

1844 წელს კავკასიის მთავარმართებლად დაინიშნა გენერალ-ფელდმარშალი, დიპლომატი გრაფი მიხეილ ვორონცოვი (1782 – 1856). თბილისში ჩამოსვლისას მ. ვორონცოვმა მრავალ, სხვადასხვა სახის კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. რადგანაც ქალაქს არ ჰქონდა სრულყოფილი თეატრი (მანამდე რუსული წარმოდგენები იმართებოდა მეფისნაცვლის სასახლის გვერდით, ყოფილ თავლაში, რომელიც თეატრის ასპარეზად იყო გადაკეთებული), ახალი თეატრის მშენებლობაზე დაიწყო ზრუნვა. თეატრის შენობის ასაგებად ამორჩეულ იქნა ერევნის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანზე) არსებული ტერიტორია, რომელიც ეკუთვნოდა ქართველ თავადიშვილს ესტატე ციციშვილს. ესტატე ციციშვილმა “ორ დოშად და ორი კაცის საკაბეთ” გაყიდა მიწის ნაკვეთი.

რადგან თეატრის ასაშენებელი ბიუჯეტი ხაზინას არ გააჩნდა, გადაწყიტეს მისი აგება სავაჭრო დუქნების ქირის ხარჯზე. ვორონცოვმა დახურული ბაზაზხანის ვაჭრებს თხოვნით მიმართა, თეატრის ასაგებად შეექმნათ ამხანაგობა და ყველას შესაფერისი ფული გაეღო. შენობა უნდა ყოფილიყო ორსართულიანი, შიგ თეატრი, გარშემო კი მაღაზიები, სადაც ბაზაზხანის მოვაჭრენი იქნებოდნენ, ან შეეძლოთ მისი გაქირავება, ხოლო თეატრი თავისი შემოსავლით ქალაქის საკუთრებად უნდა დარჩენილიყო.
ბაზაზებმა (მეფართლეებმა) ვორონცოვს უარი შეუთვალეს: ჯერ ერთი, ზედმეტი ფული არ გაგვაჩნია, რაცა გვაქვს, ისიც აღებ-მიცემობასა და საქონელში გვაქვს დაბანდებული და მეორეც – ძველი თბილისიდან ზევით ამოსვლა ჩვენი საქმე არ არის, აქ შეჩვეული მუშტრები გყავს და გაკოტრებისა გვეშინიაო. მაშინ ვორონცოვმა მიმართა კერძო პირებს, რომელთაგან მხოლოდ თბილისელმა ვაჭარმა, გაბრიელ თამამშევმა გამოთქვა სურვილი იმ პირობით, რომ სანაცვლოდ უსასყიდლოდ გადაეცემოდა შენობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი (1000 კვ. მ.).
თეატრის მშენებლობა 1847 წლის 15 აპრილს დაიწყო და ოთხი წლის მანძილზე გაგრძელდა, თუმცა პირობის ძალით სამი წლის განმავლობაში უნდა გათავებულიყო. მშენებლობის გახანგრძლივება განპირობებული იყო აქ ჩამდინარე სოლოლაკის ღრანტე ხევის წყლის გამო, რისთვისაც  საჭირო გახდა ქვიტკირის კედლების უფრო ღრმად ამოყვანა და მისი მთლიანად გადახურვა.

თეატრის მშენებლობას ხელმძღვანელობდა იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი (1817 – 1851), რომელიც თბილისში 1845 წლის ბოლოს ჩამოვიდა მ. ვორნცოვის მოწვევით. 1846 წლის თებერვალში იგი თბილისის საქალაქო არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს, 1847 წლის აგვისტოში კი გადაიყვანეს მეფისნაცვლის კანცელარიის საკარანტინო ნაწილის არქიტექტორად.
თეატრის აშენება 1851 წლისათვის დასრულდა და მცირე ხანში იგი ქვეყნის კულტურული ყოფის უმნიშვნელოვანეს კერად გადაიქცა. ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ოპერის თეატრი, რომელიც 800 მაყურებელს იტევდა, ფასადით და შიდა ინტერიერით იმხანად არსებულ ევროპის თეატრებს შორის არქიტექტურული იერით გამოირჩეოდა. კომერციული მიზნით მას დამატებული ჰქონდა მაღაზიები და სავაჭრო საწყობები, ამიტომ ხშირად უწოდებდნენ „ქარვასლას თეატრით“. თეატრის მშენებლობისას არქიტექტორებისა და მშენებლების მიერ გამოყენებულ იქნა ევროპული თეატრალური არქიტექტურის გამოცდილება – ე.წ. აივნიანი თეატრის ტიპი ღრმა სცენით.

თეატრის შენობა წარმოადგენდა ოთხსართულიან გეგმაში სწორკუთხა ნაგებობას ზომებით – 78 X 48 მ. მოედნის სამხრეთიდან (ე.ი. მერიის მხრიდან) ორსართულიანი, ხოლო ჩრდილოეთიდან სამსართულიანი იყო, რაც აიხსნებოდა მოედნის ნიშნულების სხვადასხვა დონით.
პირველ სართულზე მოთავსებული იყო 6 საცხოვრებელი ოთახი, 29 დუქანი და 11 ნელი სარდაფი. მეორე სართულზე – 29 დუქანი, 16 ნელი სარდაფი-საწყობი და ფულის გადასახურდავებელი ორი დუქანი. მესამე სართულზე – 19 მაღაზია, 80 შესანახი კარდა, ფულის გადასახურდავებელი ოთხი დუქანი. მეოთხე სართულზე 21 მაღაზია ანტრესოლებით. სულ 266 დიდი და მცირე ზომის სავაჭრო სათავსო იყო. შენობის ცენტრალური ნაწილი, მეორე და მესამე სართული ეკავა თეატრს ეკავა. ეს იყო მაყურებელთა დარბაზი სცენით – 47 მ. სიგრძის, 25,5 მ. სიგანის და 15 მ. სიმაღლის. იტევდა დაახლოებით 700 მაყურებელს (180 ადგილი – პარტერი, 22 ლოჟა პირველ იარუსში, 25 მეორე იარუსში, 250 ადგილი “ქანდარაზე”). მთავარი შესასვლელი მოედნის დასავლეთით მდებარეობდა. ფასადები და თეატრის ინტერიერი სრულიად არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. ფასადები იყო, როგორც მაშინ წერდნენ, „იტალიური არქიტექტურისა“, ხოლო თეატრის ინტერიერი – „აღმოსავლური ხასიათის”. ფაქტობრივად, შენობა ეკლექტიზმის ერთ-ერთი ადრეული ნიმუში იყო თბილისში.

ფასადების დამუშავებისას ჯოვანი სკუდიერმა გამოიყენა ქალაქ ვიჩენცაში ცნობილი ე. წ. ბაზილიკის არქიტექტურის მოტივები, რომელიც ეკუთვნის გამოჩენილ იტალიელ არქიტექტორს, ანდრეა პალადიოს, თუმცა იგი მორთულობით უფრო მარტივი იყო და განსხვავებული დეტალები ჰქონდა. მაყურებელთა დარბაზი და ფოიე გაფორმებული იყო მხატვრის, თავად გრიგოლ გაგარინის (1810-1893) ესკიზებით – არაბესკებით, ქუფური წარწერებით და ა. შ.

 

თეატრის მაშინდელი დირექტორი, რუსი მწერალი გრაფი ვლადიმერ სოლოგუბი 1851 წლის გაზეთ “კავკაზში” (N 29) წერდა: “…თავადი გაგარინი… მან კიდევ უფრო სრულჰყო თავისი ნიჭი და დასახლდა რა თბილისში, უკვდავყო სახელი ილუსტრაციებითა და სურათებით კი არა, არამედ მთელი ძეგლებით. სწორედ მან მორთო თბილისის ახალი თეატრი გაუმჯობესებული არაბული სტილით… მკვდარი კალამი უძლურია გამოჰხატოს ახალი დარბაზის მთელი წარმტაცობა, სიკეკლუცე და სიმშვენიერე. იგი მიაგავს სტორისა და მორტიმერის მიერ აღმოსავლური სურათების მიხედვით სხვადასხვა მინანქრისაგან გაკეთებულ ვეებერთელა სამაჯურს… როდესაც თეატრში შედიხართ, თქვენ გაოცებთ ქვედა იარუსის ლოჟები, რომლებსაც შემოვლებული აქვს თეთრი და ცისფერი ფართო არშია, ფაქიზად შესრულებული მკრთალ-იასამნისფერ ფონზე… ოქროცურვილ პლაფონზე… ჩამწკრივებულია მედალიონები: ესქილეს, სუდრაკის, შექსპირის, კალდერონის, მოლიერის, გოლდონის, გოეთესა და გრიბოედოვის სახელებით…”

 

1856 წელს თბილისში ჩამოსული ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა თავის წიგნში “კავკასია” წერდა: “უნდა გამოვტყდე, რომ ვესტიბიულში შესვლისთანავე განცვიფრებაში მომიყვანა ორნამენტის სადა და დახვეწილმა სტილმა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს პომპეუსის თეატრის ვესტიბიულში შევედი. ზემოთა ფოიეში ორნამენტი არაბული ჩუქურთმით შეიცვალა. შევედით დარბაზში, რომელიც ფერიათა სასახლე გეგონებოდათ, არა მისი მდიდრული მორთულობით, არამედ იმით, რომ უფაქიზესი გემოვნებითაა შესრულებული. შესაძლებელია, იქ სულ ასი მანეთის ვარაყიც კი არ არის დახარჯული, მაგრამ უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, რომ თბილისის სათეატრო დარბაზისთანა თვალწარმტაცი დარბაზი ჩემს სიცოცხლეში არსად მენახა… ფარდა საუცხოოა (ისიც გ. გაგარინს ეკუთვნოდა): მოხატულობის ცენტრში აღიმართება ქანდაკების კვარცხლბეკი ზედ დახატული ჯგუფით, რომელიც მაყურებლისაგან მარჯვნივ წარმოადგენს რესეთს, მარცხნივ კი საქართველოს. რუსეთის ჯგუფში მოჩანს პეტერბურგი და ნევა, მოსკოვი თავისი კრემლით, ხიდები, რკინიგზები, გემები, ცივილიზაცია. საქართველოს მხარეზე მოჩანს თბილისი თავისი ციხის ნანგრევებით, ბაზრებით, წამოშვერილი კლდეებით, თავისი ბობოქარი, დაუოკებელი მტკვარით, სპეტაკი ცითა და მთელი თავისი პოეზიით. კვარცხლბეკის ძირში რუსეთის მხარეზე მოჩანს კონსტანტინეს ჯვარი, წმინდა ვლადიმერის დევნა, ციმბირის ბეწვები, ვოლგის თევზები, უკრაინის ხორბალი, ყირიმის ხილი, ესე იგი, რელიგია, მიწათმოქმედება, კომერცია, სიუხვე. საქართველოს მხარეზე მოჩანს საუცხოო ქსოვილები, შესანიშნავი იარაღი, ვერცხლის სევადიანი თოფები, სპილოს ძვლითა და ოქროთი დამშვენებული ხანჯლები, ვარაყიანი ხმლები, ოქროცურვებული ვერცხლის კულები, სადაფით მოჭედილი ჩონგურები, დოლები სპილენძის ეჟვნებით, შავი ხის ზურნა, ესე იგი, სამკაული, ომი, ღვინო, ცეკვა, მუსიკა…”

თეატრი საზეიმოდ გაიხსნა 1851 წლის 8 ნოემბერს გრანდიოზული მეჯლისით, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო. რამდენიმე თვეში XIX საუკუნის ერთ-ერთ პოპულარულ პარიზულ გაზეთში “ილუსტრასიონი” (1851 წლის 25 ოქტომბერის ნომერი) დაიბეჭდა ედმონდ დე ბარესის ვრცელი სტატია თეატრის შიდა ხედის ორი სურათით. სტატიის ავტორი წერდა: – “ქალაქის ეს ერთადერთი თეატრი, რომლის ინტერიერი მთლიანად მავრიტანული სტილითაა გაფორმებული, უდავოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ და წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რისი აღქმაც ადამიანს შეუძლია.” 1851 წლის გაზაფხულზე თბილისში მოწვეული იყო იტალიური საოპერო დასი იმხანად ცნობილი დირიჟორის ბარბიერის ხელმძღვანელობით, რომელმაც სამი თვის განმავლობაში თორმეტი საოპერო დადგმა განახორციელა. ამასთან დაკავშირებით ორკესტრი გამდიდრდა ახალი საკრავებით, ნოტებით. თბილისში ჩამოვიდნენ და დამკვიდრდნენ უცხოელი ორკესტრანტები.

1851 წლის 9 ნოემბერს თბილისის პირველი საოპერო სეზონიც გაიხსნა. წარმოდგენილი იყო გაეტანო დონიცეტის “ლუჩია დი ლამერმური”. სპექტაკლის დამთავრების შემდეგ, რომელსაც გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად, მასპინძლები ბარბიერის დასს და ოპერაში იმ საღამოს შეკრებილ საზოგადოებას მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ წამოუძღვნენ. ჭეშმარიტად სახალხო ზეიმად ქცეულმა სანახაობამ პირდაპირ მდინარე მტკვარში გადაინაცვლა, სადაც ტივებზე მოკალათებული ხალხი მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდა ოპერის თეატრის გახსნას თბილისში. არიებს იტალიური ოპერიდან დილამდე ენაცვლებოდა ადგილობრივი ქალაქური მუსიკის ჰანგები. პირველ წარმოდგენას მოჰყვა “ერნანი”, “ნორმა”, “სევილიელი დალაქი” და სხვა ოპერები.

ოპერის დასმა ისეთი წარმატებით დაასრულა 1851-1852 წლის სეზონი, რომ ვორონცოვმა საკმაო თანხები გამოჰყო დამატებით, რათა იტალიიდან კიდევ ჩამოეყვანათ სოლისტები და შეეძინათ საჭირო კოსტუმები. 1853 წელს თბილისში იდგმება აგრეთვე ბალეტი, რომელსაც მაყურებელი გაუჩნდა.

თამამშევის ქარვასლა-თეატრი

ამ შესანიშნავმა თეატრმა ახლად დადგმული საოპერო სპექტაკლებით მნიშვნელოვნად აამაღლა თბილისის კულტურული ცხოვრების საერთო დონე. თბილისელ მელომანთა შორის იტალიელი კომპოზიტორებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ბელინი, დონიცეტი, როსინი, ვერდი. ლამაზი საბალეტო სცენებით და ვირტუოზული ვოკალური ტექნიკის მდიდარ საოპერო სპექტაკლებს არ შეიძლებოდა არ მიეზიდა სანახაობებისადმი ემოციური დამოკიდებულებით გამორჩეული ტემპერამენტული აუდიტორია. მას ხიბლავდა მეიერბერის “ჰუგენოტები” და “აფრიკელი ქალი”, ჰალევის “კარდინალის ქალიშვილი”, ობერის “ფენელა”. მოგვიანებით თბილისში საოცარ დაინტერესებას იჩენდნენ გერმანული ოპერის, კერძოდ რიხარდ ვაგნერის მუსიკის მიმართ. შესანიშნავია ისიც, რომ ევროპაში შექმნილი ყოველი მაღალმხატვრული საოპერო თხზულება ერთი ან ორი წლის შემდეგ უკვე თბილისის ოპერის სცენაზე იდგმებოდა. თბილისი XIX საუკუნის მეორე ნახევარში ფაქტობრივად “ოპერომანიით” იყო შეპყრობილი. ამ გარემოებამ გადაწყვიტა საოპერო დასის შექმნაც, რაც აუცილებელი იყო სრულფასოვანი დადგმების განსახორციელებლად. ამ მიზნით 1852 წელს, უკვე მეორე სეზონზე მოიწვიეს რუსული საბალეტო დასი პეტერბურგიდან, რომელმაც 1852 წლის 5 ოქტომბერს მაყურებელს შესთავაზა ტალიონის ბალეტ “სილფიდას” II მოქმედების ნაწყვეტი და სხვადასხვა ცეკვები. ეს გახლდათ პირველი საბალეტო წარმოდგენა თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე. პირველი მთლიანი საბალეტო სპექტაკლი კი ბალეტმაისტერ მანოხინის მიერ დადგმული შმიდტის ბალეტი “გიტანა” იყო, რომლის პრემიერა 1894 წლის 18 იანვარს შედგა. თეატრი არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ საოპერო სპექტაკლებით და 1860 წლის ზაფხულში ორკესტრი შენინგის და კატანის დირიჟორობით კონცერტებსაც მართავდა იმხანად ყველაზე დიდ, მუშტაიდის პარკში, აგრეთვე თბილისის სხვა შენობებში.
ვიდრე გრაფი ვორონცოვი ავადმყოფობის გამო კავკასიას და მისი რეზიდენციის მთავარ ქალაქ ტფილისს დატოვებდა, იმპერატორს მისწერს: “არ შეიძლება არ გავიკვირვოთ ის გარემოება, რომ ექვსი წლის წინათ საქართველოში არამც თუ არც ერთი თეატრი არ არსებობდა, არამედ არც არავინ იქრობდა ასეთ სანახაობაზე, მიმდინარე წელს კი ტფილისში არსებობს 3 თეატრი და აქაურმა ხალხმა, რომელიც სხვათა შორის იოლად ითვისებს ყველაფერ მშვენიერსა და კარგს, იტალიური ოპერა აღფრთოვანებით მიიღო. მომსახურება, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინათ ნახევრად ველური სპარსული მუსიკის ხმის გარდა, სხვა სიმღერებს არც კი იცნობდა, აღტაცებული იყო რომისნის, ბელლინის და დონიცეტის ოპერებით. ბევრ სახლში და წარმოიდგინეთ, ქუჩებშიაც კი ისმის იტალიური მუსიკის მოტივები და ბევრი სამხრეთელი ადგილობრივი “ტუზემცი” სშწავლობს სიმღერას და მუსიკას იტალიური ოპერის აქტიორებისაგან – ქალებისა და ვაჟებისაგან”.
ქართული თეატრი ტფილისში მოღვაწე რუს მოხელეთა უკმაყოფილებას იწვევდა. მიაჩნდათ, რომ თეატრი დიდად შეუშლიდა ხელს აბორიგენ ქართველთა საბოლოო გარუსებას, რაც, ცხადია, ეწინააღმდეგებოდა იმპერატორის კარის ფარულ ინსტრუქციას.

 

თამამშევის თეატრი-ქარვასლა

თეატრმა სულ 23 წელი იარსება. 1874 წლის 11 სექტემბერს თეატრ-ქარვასლას ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. გრიგოლ ორბელიანი წერდა: “დაიწვა თამამშევის ქარვასლა და მასთან ჩვენი თეატრი… მხოლოდ იმ ღამეს შევიტყვეთ, რომ თბილისში არ ყოფილა პაჟარნი კამანდა. შეგროვდა მრავალი ხალხი და მწუხარებით შეჰყურებდა, როგორცა ადიოდა ალი ვარსკლავებამდის…”
იოსებ გრიშაშვილი წერს: “1874 წლის 11 ოქტომბერს “ერეანსკის მოედნის” მახლობლად დიდი ჩოჩქოლი ატყდა. ამ საღამოს თეატრში უნდა დაედგათ “ნორმა”. არტისტებს უკვე გრიმი ჰქონდათ გაკეთებული, რომ უცბად ქარვასლის შენობაში გაჩნდა ცეცხლი, პირველი ალი ამოვარდნილა ყაზაროვის მაღაზიიდან. ეს ყველას უკვირდა, რადგან მაღაზიები ადრე იკეტებოდა და, მთავრობის განკარგულებით, არასდროს სანთელანთებულნი არ ვაჭრობდნენ”.
როგორც შემდგომ გამოძიებამ დაამტკიცა, ქარვასლის ვაჭრებს მაინცა და მაინც როდი ეპიტნავებოდათ სავაჭრო სახლის შუაგულში თეატრის არსებობა. თურმე გაკოტრების მიზნით, ვინმე ყაზაროვს (თუ ლაზარევს) თავის სავაჭროში შუქი განზრახ დაუტოვებია… გაზეთი “დროება” წერდა: “გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ ცეცხლი თამამშევის ქარვასლას თავისით ან შემთხვევით არ გასჩენია, ზოგიერთმა გარემოებამ და მოწმეების ჩვენებამ დაარწმუნა გამომძიებელი, რომ ამ საქმეში ვაჭარი ი. ლაზარევი უნდა ყოფილიყო დამნაშავე” (დროება” 1874 წ., N 450). სასამართლომ ლაზარევს (თუ ყაზაროვს) “განჩინება” გამოუტანა და მიესაჯა ცხრა წელიწადი კატორღაში მუშაობა და შემდეგ სამუდამოდ ციმბირში გადასახლება.
ცეცხლისმქრობელი რაზმი, რომელიც ალმოდებული შენობის პირდაპირ იყო დაბანაკებული, მაშინვე გაჩნდა, მაგრამ მათ არ ჰქონდათ შესაფერისი ხელსაწყო-იარაღი: ორი კასრი და ორი მილი რა წამლად დაედებოდა დიდ შენობას! ამასთანავე ერთი მილი მაშინე გაუფუჭდათ, ხოლო სახანძრო კიბე სრულიად არ აღმოაჩნდათ. “ერევანსკის” მოედნის შუაგულში მოთავსებულ აუზში ცვარი წყალი არ იდგა და მეხანძრენი იძულებული გახდნენ პოლიციის საშუალებით მოერეკათ თბილისის თულუხჩები და მტკვრიდან წყალი ამოეტანათ. მართლაც თულუხჩებმა ძალიან გამოიდვეს თავი, მთელი 16 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ეზიდებოდნენ მტკვრის წყალს.
ერევანსკის მოედანთან უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, რიგი სეირის საყურებლად მოსულიყო, რიგი ახლომდებარე სახლებს დარაჯობდა, რომ ცეცხლი არ გადასდებოდა; გრიმგაკეთებული არტისტები გარეთ გამოცვიდნენ და ზოგი რომაულ ტანისამოსში გამოწყობილი, ზოგიც ნახევრად ტიტველი, მიარბენინებდნენ თავიანთ გარდერობს.
თეატრი მთლად განადგურდა. ავეჯი, დეკორაციები, ბუტაფორია და ბიბლიოთეკა ცეცხლის ალმა შთანთქა და მოაოხრა. იქ სადაც სულ ცოტა ხნის წინათ სიხარული მეფობდა, ახლა მხოლოდ კედლების ჩონჩხებიღა გამოიყურებოდნენ საზარლად.
დამწვარი თეატრის აღსადგენად ორი წლის განმავლობაში ლაპარაკობდნენ პრესის ფურცლებზე. ქალაქის გამგეობამ საგანგებო კომისიაც გამოყო ქარვასლის მეპატრონეებთან მოსალაპარაკებლად, მაგრამ თამამშევმა კატეგორიული უარი განაცხადა: ქარვასლაში თეატრს აღარ ავაგებთო!”
1879 წელს ქარვასლის შენობა თეატრალური სათავსოს გარეშე აღადგინეს, რადგანაც ეს უფრო ხელსაყრელი იყო მეპატრონისათვის და ასევე იდგა 1934 წლამდე. შიგ უამრავი მაღაზია იყო. ერთ-ერთი ეკუთვნოდა განთქმულ მეყავილეს მიხეილ მამულაშვილს და სახელად ერქვა “სოლეიდორი” (“ოქროს მზე”). 1934 წელს მოედნის გაფართოების მიზნით ქარვასლა მთლიანად დაანგრიეს.

Advertisements

თულუხჩები

ვიდრემდისინ ავჭალიდან თუჯის მილებით ქალაქში წყალს გამოიყვანდნენ, თბილისის ყველა უბანში ცხენების თულუხებით ეზიდებოდნენ თულუხჩები. ეს თულუხები დაბახანაში მომზადებული საქონლის ტყავიდან იყო შეკერილი. ტყავის კარგი პირი შიგნით ქონდა მოქცეული.  თულუხჩები ხშირად იყვენენ აისორები , ანუ სპარსელი თათრები. ყველა ადამიანი ცხადად ხედავს, თუ მდინარე მტკვარში რაგვარი სიბინძურე ტრიალებს , მაგრამ იმ უსუფთაობას ქალაქის მცხოვრებლებზე არავითარი ცუდი გავლენა არა ქონია, ამის მიზეზი ცხადია , როდესაც მდინარის წყალი გაუჩერებლად მიდის , მაშინ ის ყოვლათ უვნებელი არის ხალხისთვის. როგარათაც დღეს ავჭალის უზარმაზარ რეზერვუარებში მღვრიე წყალი შაბით იწმინდება , ისრეთაც თულუხჩების მიერ მოტანილ წყალს ხალხი შაბით სწმენდდა.

ქალაქის მცხოვრებელნი იმ დროს დარჩებოდნენ უწყლოთ, როდესაც სადმე ცეცხლი გაჩნდებოდა და ყველა თულუხჩები იქ წყლის საზიდლათ დაბანდებოდნენ, რადგანაც ამ სამსახურის გამოთ ყოველგვარ გარდასახადიდან თავისუფლები იყვნენ.

დაგნი იუელი

 

ხალგაზრდა ვაჟმა მძინარე ქალს რევოლვერი ესროლა და ვიდრე თავს მოიკლავდა, სამი წერილი დაწერა, ერთში მოკლულის ქმარს მიმართავდა, მეორეში – ვაჟიშვილს, მესამე კი მასპინძლისადმი მობოდიშებას წარმოადგენდა. ამ ყველაფერს მოკლულის 5 წლის ვაჟი უყურებდა…

თბილისს არც უცხოელი სტუმრები უკვირდა და არც მკვლელობები, მაგრამ ამ შემთხვევამ ყველა ააფორიაქა – მოკლული ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი ქალი იყო, რომელზეც ვეროპაში ლეგენდებს ჰყვებოდნენ. მას დაგნი იუელი ერქვა, პოლონელი მწერლის და პოლონური მოდერნიზმის იდეოლოგის, სტანისლავ პშიბიშევსკის მეუღლე იყო და თავის თანამდროვე მხატვართა და მწერალთა მუზა: ედვარდ მუნკის, ავგუსტ სტრინდბერგის, კნუტ ჰამსუნის…
“სიყვარულის ქალღმერთი “_ ასე უწოდებენ ცნობილ ნორვეგიელ მწერალს, დაგნი იუველს. მწერალს, რომელმაც სახელი გაითქვა არა იმდენად თავისი შემოქმედებით, რამდენადაც საინტერესო ცხოვრებით. ის იყო XIX საუკუნის ევროპული კულტურის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, მრავალი შემოქმედის შთაგონების წყარო, ფიქრისა და აზრის მიმცემი, მუზა. (მათ შორის ყველაზე ცნობილია, ნორვეგიელი ექსპრესიონისტი მხატვარი, ედვარდ მუნკი, რომლის ტილოების უმრავლესობაზეც, სწორედ, დაგნი იუველია გამოსახული).

დაგნი იუელი დაიბადა ნორვეგიის ერთ პატარა ქალაქში კონგსვინგერში (Kongsvinger), სადაც გაატარა ბავშვობა. 1898 წელს იგი ჩამოვიდა ბერლინში მუსიკის შესასწავლად. აქ შეხვდა იგი მხატვარ ედვარდ მუნკს, რომელსაც ჯერ კიდევ ოსლოდან იცნობდა.

ეჭვიანობა, ედვარდ მუნკი, 1896 წ. პირველ ხედზე თვითონ მუნკი, უკანა ხედზე დაგნი და მისი მეუღლე

მკვლელი კი, ჭიათურის მარგანეცის საბადოების მფლობელის ვაჟი, 25 წლის ვლადისლავ ემერიკი. ეს მან დაპატიჟა დაგნი და მისი მეუღლე კავკასიაში სამოგზაუროდ, მაგრამ სტანისლავ პშიბიშევსკი, რომელმაც რამდენიმე წლით ადრე დაგნის სიყვარულის გამო ცოლ-შვილი მიატოვა, ახლა ერთდროულად ორი ქალით იყო გატაცებული და ბოლო მომენტში გადაიფიქრა კავკასიაში გამომგზავრება, დაჰპირდა, რომ მოგვიანებით შემოუერთდებოდათ.

 

დაგნი იუელი

დაგნი იუელი

პოლონელ მწერალს საბედისწეროდ დააგვიანდა. და ახლა, თბილისური სასტუმროს ერთ ნომერში, რომელიც პატარა მდინარეს გადაჰყურებდა, იწვა ქალი, რომლის სახელი ევროპაში ხელოვნებასთან და ბოჰემურ ცხოვრებასთან ასოცირდებოდა. რომელიც იყო პიანისტი, პოეტი, სკანდინავიელი მხატვრების მოდელი, რომელსაც მწერალმა ავგუსტ სტრინდბერგმა და მისმა მეგობრებმა ასპასია დაარქვეს, ბერძენი ბასილევსის მეუღლის სახელი, რომელსაც თავის სალონში ხელოვნების მოღვაწეები ჰყავდა შემოკრებილი. დაგნი იუელს ეტრფოდნენ და ისიც ხშირად ეხვეოდა სასიყვარულო თავგადასავლებში, რომლის დაწყება-დამთავრების თარიღები ლამის თვე და რიცხვით ჰქონდათ აღნუსხული მის თანამედროვე ჭორიკანებს. დაგნი” ნორვეგიულად ცისკრის ვარსკვლავს ნიშნავს და ქალი მართლაც რომ კაშკაშებდა.

"დაგნი იუელი", ს. ვისპიანსკი

“დაგნი იუელი”, ს. ვისპიანსკი

მიუხედავად წერილებისა, ვერავინ გაიგო, რატომ მოკლა ახალგაზრდა ემერიკმა ეს საოცარი ქალი, რომელსაც ეტრფოდა. ზოგმა ეს ეჭვიანობას მიაწერა, იყო ვერსიებიც, თითქოს მკვლელობა ქმარმა შეუკვეთა. ფსოქოლოგები ცდილობდნენ ეს საქციელი “ჰეროსტრატეს კომპლექსით” აეხსნათ… ვლადისლავ ემერიკი პშიბიშევსკის მისამართით დატოვებულ წერილში წერს: “მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინა…” რაც ცოტა უცნაურად ჟღერდა როგორც გამოძიებისთვის, ასევე ახლობლებისთვის. ასევე უცნაური იყო სიტყვები: “ვკლავ იმ მომენტში, როცა ამას ყველაზე ნაკლებად მოელის”. ხოლო პატარა ზენონს კი დედის შესახებ ეუბნება: “ის, პირველი დედოფალი… შენს წინაშე იყო მოთვინიერებული და მიაჩნდა, რომ შენ იყავი მთელი მისი ცხოვრების გამართლება”, ”უცნაურ აზრებს, რომლებსაც მასზე გაიგებ, ალბათ ნაკლებად უნდა ერწმუნო… ის იყო წმინდანი, თან დედოფლური სიკეთით სავსე”.

"დაგნი იუელი", ედვარდ მუნკი

“დაგნი იუელი”, ედვარდ მუნკი

ასეთ ქალებს მაშინ უფრო აფასებენ, როცა კარგავენ. 1893 წლის აგვისტოს თვეში, ცნობილმა პოლონელმა მწერალმა, სტანისლავ პშიბიშევსკიმ, მიატოვა თავისი კანონიერი მეოღლე და სამი შვილი, ცოლად კი დაგნი იუველი შეირთო.
მოგვიანებით, სტანისლავის პირველი მეოუღლე, თავის ოთახში გარდაცვლილი იპვეს, სტანისლავი კი მის მკვლელობაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ მის პირველ მეოუღლეს, დიდი რაოდენობით საძილე წამლები ჰქონდა მიღებული, მან თავი მოიკლა. სტანისლავი უდანაშაულოდ ცნეს. ქალის სიკვდილში ნებსით თუ უნებლიედ დამნაშავე დაგნიმ, უარი განაცხადა სტანისლავისა და მისი ყოფილი ცოლის სამი შვილის გაზრდაზე.
არც სტანისლავისა და დაგნის თანაცხოვრება გამოდგა ხანგრძლივი და ბედნიერი, მათ ორი შვილი ეყოლათ, თუმცა განშორებას წინ აღარაფერი ედგა.
დაგნი სტანისლავთან ერთად კრაკოვში გადავიდა საცხოვრებლად, აქ სტანისლავმა დააარსა საზოგადოებრივი ჟურნალი, რომელსაც წლების მანძილზე თვითონვე რედაქტორობდა. ის გახდა მთავარი მოქმედი ფიქგურა, ახალგაზრდა პოლონელთა შორის.
სტანისლავი კრაკოვში თავისი უახლოესი მეგობრის მეუღლეს დაუახლოვდა და მასთან გაააბა რომანი, დაგნი კი მიატოვა. თავის მხრივ, მეუღლეზე განაწყენებული დაგნი ერთდროულად სამ მამაკაცთან გაეხვა სასიყვარულო ურთიერთობაში. ერთ-ერთი მათგანი იყო პოლონელი-რუსი ოფიცერი ვლადისლავ ემერიკი, რომელსაც სიგიჯემდე შეუყვარდა დაგნი.
სტანისლავ პშიბიშევსკიმ დაგნის სიკვდილის შემდეგ უძღვნა წერილი სათაურით “როცა მზე ჩადის”, სადაც სამართლიანად ასკვნიდა: “მისი ტრაგედია სილამაზე, სიამაყე და გულწრფელობა აღმოჩნდა. ის იყო ულამაზესი ყვავილი, რომელიც იშვიათად იფურჩქნება, მაგრამ განწირულია გასათელად.” 1902 წელს კი, დაგნის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, მან გამოაქვეყნა დრამა “ოქროს საწმისი”, სადაც ერთმანეთში გადახლართულია ყველა ის გრძნობა, რაც დაგნისა და მის ურთიერთობას ახასიათებდა: სიყვარული, ეჭვიანობა, ღალატი, შვილის მამობის სათუობა, მიტევება, მოვალეობის გრძნობა ოჯახისა და ბავშვების წინაშე და ამ დრამის გმირი, ემერიკისგან განსხვავებით, მხოლოდ თავს იკლავდა.

სტანისლავ ფშიბიშევსკი და დაგნი იუელი

სტანისლავ ფშიბიშევსკი და დაგნი იუელი

სამი დიდი ხელოვანი: მუნკი, სტრინდბერგი და პშიბიშევსკი ერთი ცეცხლით იწვოდა და ეს ცეცხლი იყო დაგნი. სამივემ შექმნა ნაწარმოები, რომელშიც სიტყვა “ცეკვა” სხვადასხვა კონტექსტში ფიგურირებს. პირველაღმომჩენი მაინც მუნკია. მან 1899 წელს დახატა სურათი “ცხოვრების ცეკვა”, მინიშნებით დაგნიზე.

"ცხოვრების ცეკვა", ედვარდ მუნკი, 1895

“ცხოვრების ცეკვა”, ედვარდ მუნკი, 1899

როგორც სათაურიდან ჩანს, მუშაობის დასაწყისში დაგნი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. შემდეგ კი დახატა ცნობილი ტილო “მადონა”, სადაც ნატურა აშკარად დაგნი გახლდათ. დაგნი იუელი მუნკის “მადონა” იყო. მხატვარმა მისი სახე ასახა ნახატებში: “სიცილი”, “წითელი და თეთრი”… დაგნი მხატვრის მუზად იქცა მრავალი წლის განმავლობაში. სწორედ მუნკმა გააცნო დაგნი არტისტულ საზოგადოებას, რომელიც იკრიბებოდა ბერლინის ღვინის სარდაფში “შავი გოჭი”, სადაც დაგნიმ გაიცნო ცნობილი შვედი მწერალი ავგუსტ სტრინდბერგი.

1891 წლის შემოდგომის ერთ გრილ საღამოს, ბერლინის რომელიღაც ქუჩის ერთ მიყრუებულ კაფეში თავის მეგობრებთან ერთად იჯდა ცნობილი ნორვეგიელი მხატვარი ედვარდ მუნკი, ისინი სვამდნენ ლუდს და საუბრობდნენ ხელოვნებაზე. Aასე ხდებოდა ყოველ საღამოს. სწორედ, ეს, ერთი შეხედვით უსახური კაფე, გახლდათ XIX საუკუნის ევროპის კულტურული ცხოვრების ნამდვილი ეპიცენტრი. აქ იკრიბებოდნენ უდიდესი შემოქმედები. ტარდიცია არც იმ საღამოს დარღვეულა…
საუბარში გართულ მხატვარს, არც კი შეუმჩნევია, როგორ შემოაღო კარი უმშვენიერესმა ქალბატონმა, ის მხატვარს მიუახლოვდა, გვერდით მიუჯდა და ერთი ამოსუნთქვით გამოცალა ღვინით სავსე ჭიქა. ამ საღამოს შემდეგ, მას “ბოჰემის დედოფალს” უწოდებდნენ.
ეს ქალბატონი, ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და წარჩინებული ოჯახის შვილი, დაგნი იუველი გახლდათ. დაგნი ბოჰემური ცხოვრებისთვის იყო გაჩენილი, უყვარდა სმა და დროსტარება. იცვამდა ექსტრავაგანტულად, ყველასგან განსხვავებულად, თუმცა ელეგანტურად და მოხდენილად. ღიმილში კი, ისეთი უცნაური სითბო ჰქონდა გამომწყვდეული, რომ ერთიანად ატყვევებდა ირგვლივ ყველას.
მხატვარი სუნთქვაშეკრული უყურებდა დაგნის, შესაფერის სიტყვებს ვერ პოულობდა, გონს რომ მოეგო, დაგხატავთო, სთხოვა…
იმხანად, ხშირად ნახავდით ბერლინის წვიმიან ქუჩებში მოსეირნე წყვილს – დაგნის და ედვარდს… დაგნი მხატვრის რთულ და შავბნელ ცხოვრებაში ერთადერთი გამონათება იყო. მათი ურთიერთობა მალევე დაიდაღა ხელოვნების მხურვალე სუნთქვით. დაგნი ედვარდის მუზა გახდა…
დაგნი და ედვარდი ყველგან ერთად დადიოდნენ, სვამდნენ, ერთობოდნენ, ერთად ქმნიდნენ სამყაროს, რომელშიც ცხოვრება მოსწონდათ … ეს გიჟური რომანი ორიოდ წელიწადს გაგრძელდა. ბოჰემური ცხოვრების მოყვარულ დაგნის მალევე მობეზრდა მხატვართან თანაცხოვრება და ახალი თავგადასავლების საძიებლად წავიდა.

მადონა, ედვარდ მუნკი, 1895 წ.

მადონა, ედვარდ მუნკი, 1895 წ.

მერე სტრინდბერგმა, უკვე დაგნის სიკვდილის შემდეგ, 1901 წელს მას მიუძღვნა დრამა “სიკვდილის როკვა” და ბოლოს, 1902 წელს, პშიბიშევსკიმ დრამების ციკლს დაარქვა “სიყვარულისა და სიკვდილის ცეკვა”, სადაც “ოქროს საწმისიც” შევიდა. და ამ სამ ცეკვას სამი ხელოვანის შემოქმედებაში ერთი ქალის ცხოვრება, სიყვარული და სიკვდილი აერთიანებდა.

სასტუმრო “გრანდ ოტელი”, ამ ნახევრად აზიურ ქალაქში ბაროკული ეკლექტიზმის სტილში რომ აეშენებინათ და გრძივი ფასადით ხიდის ქუჩას მიუყვებოდა, ხოლო მდინარის მხარეს თბილისური აივნებით იხსნებოდა, ევროპელი ქალის მკვლელობაზე დიდხანს მოსთქვამდა და ქოთქოთებდა.

გაურკვევეი მიზეზის გამო , 1901 წლის 5 ივნისს, ემერიკმა სასტუმროს ნომერში მძინარე დაგნი, იარაღის ერთი გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს. ამ ფაქტს შეესწრო დაგნის მცირეწლოვანი ვაჟი. რამდენიმე დღის შემდგე, ემერიკმაც სცადა თვითმკვლელობა.
დაგნი თბილისში დაკრძალეს, კუკიის სასაფლაოზე. ულამაზესი დაგნის საფლავი ჯერ კიდევ საქართველოშია, იქ სადაც თავიდან დაიკრძალა..
ამ დღის შემდეგ. უამრავ მითსა თუ რეალობას ჰყვებიან დაგნის გარდაცვალებაზე, და საერთოდ მის ცხოვრებაზე. მიუხედავად, იმისა, რომ ესაუკუნეზე მეტია გასული, დღემდე არ ნელდება ინტერესი მისი ცხოვრების მიმართ
“ის არ იყო ამ სამყაროსთვის გაჩენილი “ – მოგვიანებით, ასე პასუხობს ემერიკი პოლიციელის მიერ დასმულ კითხვაზე –“რატომ ესროლეთ?”
რაც შეეხება ედვარდ მუნკს, იგი ცხოვრების ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი ერთადერთი სივარულის და არ დაქორწინებულა. დაგნიმ სიკვდილის შემდეგაც განაგრძო არსებობა, ედვარდ მუნკის სამყაროში, მის ტილოებზე. მოკლულის ცხედარი.

დამნი იუელის ძველი საფლავი კუკიაზე, 1901 წ.

დამნი იუელის ძველი საფლავი კუკიაზე, 1901 წ.

*

დაგნი იუელის ახალი საფლავი კუკიაზე, 1999 წ.

დაგნი იუელის ახალი საფლავი კუკიაზე, 1999 წ.

“გრანდ ოტელმა” მისი სახელი სამუდამოდ დაიმახსოვრა: მემორიალური დაფა გვამცნობს, რომ “აქ 1901 წლის ივნისში ცხოვრობდა და ტრაგიკულად დაიღუპა დაგნი იუელი, ნორვეგიელი ხელოვანი.”
მაგრამ რა არის ამ პატარა სასტუმროს მეხსიერება იმ ვნებებთან შედარებით, რასაც ედვარდ მუნკის “მადონა” იწვევს, სადაც თვალებმილულული, შიშველი დაგნი, როგორც უცხოელი ხელოვნებათმცოდნენი აღნიშნავენ – ორგაზმისა თუ განაყოფიერების მომენტში, ქალური მშვენიერებით გვნუსხავს…

ძველი თბილისი თანამედროვე ქართულ მწერლობაში

   

 

 

აკა მორჩილაძის  ,,მადათოვი“ ტრილოგიაა, რომელიც შემდეგი წიგნებისგან შედგება : “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, “გაქრები მადათოვზე” და “ვეშაპი მადათოვზე”.

XIX საუკუნის თბილისის კოლორიტული სურათები; მადათოვის კუნძულზე ნაპოვნი თბილისელი მამათმავლის გვამი – მკვლელობა, რომლის გამოძიებაც მრავალი დაფარული საქმის კვალს ააშკარავებს; უამრავი გამოგონილი თუ ისტორიულ-ლიტერატურული პერსონაჟი; პაროდია, იუმორი, ირონია, მწერლის საოცრად მრავალფეროვანი ენა; და ბოლოს – სრულიად ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც ხვდები, რომ მადათოვის ოცდაათწლიანი ისტორია XXI საუკუნეში შექმნილი კომპიუტერული თამაში ”მეჯიქ პოლისი” ყოფილა.

მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი რომანები: ”გადაფრენა მადათოვზე და უკან”, ”გაქრები მადათოვზე” და ”ვეშაპი მადათოვზე” 1998-2004 წლებში ცალ-ცალკე გამოიცა და თითოეულმა მათგანმა მაშინვე მოიპოვა თვით ყველაზე პრეტენზიული კრიტიკოსების აღიარება. მას პროფესიონალი ლიტერატორები და გემოვნებიანი ლიტერატურის მოყვარულები ერთხმად ასახელებენ საეტაპო ნაწარმოებად და ყველა დროის საუკეთესო ქართულ რომანად.

    დათო ტურაშვილის ,,ჩაძირული ქალაქის ღამე“

ქალაქი, რომელიც ჩაიძირა, ქალაქი რომელიც სამუდამოდ თუ არა,  დიდი ხნით მაინც, მიეფარა ცოცხალთა თვალს. ქალაქი, რომელსაც კატასავით რამდენიმე სული აქვს – ერთი, რომელიც ღამით იღვიძებს, ერთი, რომელიც დღისით ჩანს, ერთიც მიწისქვეშ.

ტურაშვილის “ჩაძირული ქალაქის ღამეში” – თბილისის ერთ-ერთი სული ჩანს. ყველაზე შთამბეჭდავი მასში ისაა, მხატვრული სინამდვილე რომ ჩასჭიდებია რეალურ სინამდვილეს და რაღაც უხილავი მანქანებით (სავარაუდოდ დროის), გადაჰყავს მკითხველი მეორე თბილისში ან უფრო სწორედ ტიფლისში – იმ ზღაპრულ ტიფლისში, სადაც მოკირწყლულ ქუჩებზე წკრიალი გაუდის ეტლის ბორბლებს, სადაც ჩოხებში გამოწყობილი ხალხი გოლოვინსკის პროსპექტზედ მისეირნობს გულარხეინად.

წიგნის ძირეული სიუჟეტი – პატრიკი და მისი ძიებანი მფრინავი ხალიჩისათვის, რომელიც არ დაფრინავს (საოცარია რატომ), ქართველი ცოლი და სხვა, ქმნის არგონავტების მითის ასოციაციას – როგორც იაზონი ჩამოდის ოქროს საწმისის წასაღებად, რომელიც ერთი ვერსიით ცხვრის ტყავზე დაწერილი ოქროს მიღების ხერხებია, იტაცებს მედეას და გარბის (აკი, კიდეც შენიშნავს ავტორი, რომ პატრიკის პაპას “ყველაზე კარგად სწორედ მფრინავი ხალიჩის ლეგენდა ახსოვს, – მაგათ ეგღა დარჩათ ყველაზე ძვირფასი, ადრე ოქროს საწმისიც ჰქონდათ, მაგრამ ბერძნებმა უმუხთლეს, წაიღეს და უკან აღარ დააბრუნესო”), ასევე პატრიკმაც წაიღო და აღარ დააბრუნა მფრინავი ხალიჩა, რომელიც არ დაფრინავს. მან ტიტანიკთან ერთად ფსკერზე დაიდო ბინა. ვეღარავინ მისწვდება. ხალიჩაც ისევე ჩაიძირა, როგორც ტიფლისი.

ზურაბ ქარუმიძის პირველი ინგლისურენოვანი რომანი-  “დაგნი, ანუ სიყვარულის ნადიმი მე-20 საუკუნის დასაწყისში” – რომანი 1901 წელს ნორვეგიელი ხელოვანის დაგნი იუელის თბილისში სტუმრობისა და მისი მკვლელობის ამბებს მოგვითხრობს. რომანი დუბლინის ლიტერატურულ პრემიაზეა წარდგენილი.

 

აბანოთუბანი

აბანოების უბანი თბილისის უძველესი ნაწილია. სწორედ აქ აღმოცენდა პირველი დასახლება, აქ დაირწა საქართველოს დედაქალაქის აკვანი. აბანოების უბანი იწყება გორგასლის მოედნის ოდნავ ქვემოთ , ვრცელდება წავკისისწყლის ხეობის ბოლომდე და თაბორის მთის კალთის მცირე მონაკვეთზე . გოგირდოვანი ცხელი წყლის წყაროები თაბორის მთიდან იღებს სათავეს . თბილისურ თერმულ წყლებს სამკურნალო თვისებები აქვთ. წყაროების ტემპერატურა მერყეობს 24 დან 27 გრადუსამდე.

თბილისის აბანოები მოიხსენიება ძველ საბუთებში და მოგზაურთა აღწერებში. მეათე საუკუნის არაბი გეოგრაფის სიტყვებით : ,,აქ წყალი უცეცხლოდ დუღს“. ძველი თბილისის აბანოებს მხოლოდ ჰიგიენური დანიშნულება არ ჰქონია. ისინი გარკევულ საზოგადოებრივ დანიშნულებასაც ასრულებდნენ.

თბილისის აბანოები , ისევე როგორც ქალაქის სხვა ნაწილები , არაერთხელ დაუნგრევიათ , აღუდგენიათ, გადაუკეთებიათ . ჩვენამდე მოღწეული აბანოების უმეტესობა მეჩვიდმეტე საუკუნით თარიღდება . აბანოების სახელი მისი მფლობელის ვინაობას ასახავდა ( ერეკლეს, მეითრის, ენალას აბანაოები) ან რაიმე ნიშან-თვისებიდან გამომდინარეობდა (,,გრილი აბანო“, ,,ჭრელი აბანო“, ,,პატრუქის აბანო“) , აბანოების დიდ ნაწილს ირანული არქიტექტურის კვალი აჩნია (თაღების , ნიშნების წაისრული მოხაზულობა ). ,,აღმოსავლურ“ ფორმებში გადაკეთდა მეცხრამეტე საუკუნეში ეგრეთ წოდებული ,,ჭრელი აბანოც“. მან სახელი მიიღო სხვადასხვა ფერის შორენკეცებიდან, რომლებითაც მოპირკეთებულია კუთხეებში მინარეთების მსგავსი კოშკებით დაგვირგვინებული პორტალი. აქ , ისევე როგორც სხვა აბანოებში , დარბაზები მიწის დონის ქვევით არის განლაგებული და გადახურულია კამარებით. დარბაზები გუმბათოვანი კამარების თავზე მოწყობილი სასინათლო ფარნებით ნათდება. ვრცელი დარბაზები მარმარილოთია მოპირკეთებული.

ფეოდალურ თბილისში კიდევ ერთი აბანო იყო კალაში. იგი სასახლის კომპლექსში შედიოდა და კომპლექსის აღმშენებელი როსტომის (1632-1658) სახელით არის ცნობილი (,,როსტომის აბანო“) .

ნარიყალა

 

 

თბილისის მთავარი ციხე-სიმაგრე , მისი დედა-ციხე ოდითგანვე მთის სხვადასხვა სიმაღლის ბაქნებზე განლაგებულ რთულ ფოტიფიკაციურ ნაგებობას წარმოადგენდა. ციხის პატრონები პრაქტიკულად ქალაქს ფლობდნენ.

თავდაპირველად ნარიყალა ციტადელის ყველაზე მაღალ ნაწილს ეწოდებოდა , შემდგომში კი სახელწოდება მთლიანად ,,ზემო ციხეზე“ გავრცელდა. მკვლევართა აზრით , თბილისის ციხის სახელწოდება ორი ნაწილისაგან შედგება ,,ნარინ“  და ,,ყალასგან“ შედგება. ,,ნარინ“ მონგოლურ ,,მცირეს“ შეესატყვისება , ხოლო ,,ყალა“ თუ ,,კალა“ წინა აზიაში გავრცელებული ტერმინია და ციხეს ნიშნავს. საეჭვოა , მოიძებნოს მეორე ციხესიმაგრე , რომელსაც ესოდენ ბობოქარი ისტორია ჰქონდეს . ნგრევა, აღდგენა, შეკეთება, დაშენება ერთმანეთს ცვლიდა. შემორჩენილი კედლები წყობის ხასიათით განსხვავდებიან და ჭრელ სურათას ქმნიან. უმეტესად აგურებით მოჩარჩოებული კედელი უხეშად თლილი ქვითაა ამოყვანილი და შესაძლოა დაარსების დროიდან მოდის.

ნარიყალაზე ჩატარებულმა არქოლოგიურმა გათხრებმა საინტერესო შედეგები გამოიღო. გაითხარა და გაიწმინდა მეცამეტე საუკუნის სასახლისეული ეკლესიის ნაშთები , რომელიც , როგორც ჩანს , აუფეთქებიათ და დაუწვავთ. მიაკვლიეს აგრეთვე ისეთ მასალას საშუალებას , რომელიც მკვლევარებს საშუალებას აძლევს ივარაუდონ, აქ უფრო ადრე აგებული ტაძარიც უნდა ყოფილიყო.