აბანოების უბანი თბილისის უძველესი ნაწილია. სწორედ აქ აღმოცენდა პირველი დასახლება, აქ დაირწა საქართველოს დედაქალაქის აკვანი. აბანოების უბანი იწყება გორგასლის მოედნის ოდნავ ქვემოთ , ვრცელდება წავკისისწყლის ხეობის ბოლომდე და თაბორის მთის კალთის მცირე მონაკვეთზე . გოგირდოვანი ცხელი წყლის წყაროები თაბორის მთიდან იღებს სათავეს . თბილისურ თერმულ წყლებს სამკურნალო თვისებები აქვთ. წყაროების ტემპერატურა მერყეობს 24 დან 27 გრადუსამდე.

თბილისის აბანოები მოიხსენიება ძველ საბუთებში და მოგზაურთა აღწერებში. მეათე საუკუნის არაბი გეოგრაფის სიტყვებით : ,,აქ წყალი უცეცხლოდ დუღს“. ძველი თბილისის აბანოებს მხოლოდ ჰიგიენური დანიშნულება არ ჰქონია. ისინი გარკევულ საზოგადოებრივ დანიშნულებასაც ასრულებდნენ.

თბილისის აბანოები , ისევე როგორც ქალაქის სხვა ნაწილები , არაერთხელ დაუნგრევიათ , აღუდგენიათ, გადაუკეთებიათ . ჩვენამდე მოღწეული აბანოების უმეტესობა მეჩვიდმეტე საუკუნით თარიღდება . აბანოების სახელი მისი მფლობელის ვინაობას ასახავდა ( ერეკლეს, მეითრის, ენალას აბანაოები) ან რაიმე ნიშან-თვისებიდან გამომდინარეობდა (,,გრილი აბანო“, ,,ჭრელი აბანო“, ,,პატრუქის აბანო“) , აბანოების დიდ ნაწილს ირანული არქიტექტურის კვალი აჩნია (თაღების , ნიშნების წაისრული მოხაზულობა ). ,,აღმოსავლურ“ ფორმებში გადაკეთდა მეცხრამეტე საუკუნეში ეგრეთ წოდებული ,,ჭრელი აბანოც“. მან სახელი მიიღო სხვადასხვა ფერის შორენკეცებიდან, რომლებითაც მოპირკეთებულია კუთხეებში მინარეთების მსგავსი კოშკებით დაგვირგვინებული პორტალი. აქ , ისევე როგორც სხვა აბანოებში , დარბაზები მიწის დონის ქვევით არის განლაგებული და გადახურულია კამარებით. დარბაზები გუმბათოვანი კამარების თავზე მოწყობილი სასინათლო ფარნებით ნათდება. ვრცელი დარბაზები მარმარილოთია მოპირკეთებული.

ფეოდალურ თბილისში კიდევ ერთი აბანო იყო კალაში. იგი სასახლის კომპლექსში შედიოდა და კომპლექსის აღმშენებელი როსტომის (1632-1658) სახელით არის ცნობილი (,,როსტომის აბანო“) .

Advertisements